სალიამის ქუჩა ქალაქის ცენტრალურ რაიონში მდებარეობდა, ოდნავ მოშორებით ბიზნეს ცენტრებისგან, ძვირფასი სასტუმროებისა და უამრავი დასახელების ბანკისგან. შუშის შენობების და ჰალსტუხიანი ადამიანების შემყურე, ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ ორმოცდაათიოდე ნაბიჯის შემდეგ, ამ ყველაფრისგან განსხვავებულ ცხოვრებაში შედგამდა თავის ორმოცდა მეთერთმეტე ნაბიჯს.
სალიამის ქუჩა ზედმეტად ვიწრო იყო ავტომობილთათვის, ამიტომაც მაცხოვრებლები თითქმის არ ხვდებოდნენ უზარმაზარი ჯიპის მძღოლს, რომელსაც გამოსაჩენად გაკეთებული სქელი ოქროს ძეწკვი კისრის ნაკეცებში ეკარგებოდა.
აქ არ იყო ძვირფასი სახელის მქონე მაღაზიები, ამიტომაც არავის ენახა, როგორ დაგორავდა ჯიპის მძღოლის აქოშინებული მეუღლე აქეთ-იქით და როგორ ვერ პოულობდა თავის ზომა ტანსაცმელს.
სალიამზე იყო ერთი პატარა ბარი, სადაც არ იყო მიმტანი და არც მენიუ არსებობდა, რადგან სალიამელები ერთმანეთს ემსახურებოდნენ ღიმილით, ყოველგვარი თანხის გარეშე, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ არ ენახათ, თუ როგორ ექცეოდნენ მიმტანებს ჯიპის მძღოლი და მისი მეუღლე, ძვირადღირებულ რესტორანში.
ახლო-მახლო არ იყო ეკლესია და შესაბამისად არავის დაუნახავს, როგორ უყურებდა სალოცავად წასული ჯიპის მძღოლი ქალებს უკანალზე, ხოლო მისი მეუღლე ამავე ქალების კაბებს, ჩანთებს, საათებს და ბეჭდებს.
სალიამზე ყველა ერთმანეთს იცნობდა, ჯიპის მძღოლი და მისი მეუღლე კი რატომღაც ბევრს ვეღარ ცნობდნენ.
სალიამელები ერთმანეთს მთელი გულით ესალმებოდნენ, ცოლ-ქმარიც ამბობდა სალამს, ოღონდ მხოლოდ საპოხ მასალასთან ერთად..
დღეს სალიამის ქუჩა ისევ ისეთია, როგორიც იყო ადრე. ჯიპის მძღოლიც ისევ ისეთია, როგორიც ადრე..სოფელში დაბრუნდა და..
Vakho Chikvaidze